საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და მის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მედიაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შედგა, არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.
"ჩვენ მადლიერი ვართ პრეზიდენტ მიშელის პირადი ჩართულობის, მისი დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის.
პრეზიდენტ მიშელ, თქვენ პირველად ამ დარბაზში განაცხადეთ თქვენი ინიციატივის შესახებ 1 მარტს, რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას თქვენი უშუალო ჩართულობით. სწორედ 1 თვის და 20 დღის შემდეგ ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ შედეგი სახეზეა, შეთანხმება შედგა და ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია, თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მინდა ჩვენი გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით წარმატებული მედიაციის და მოლაპარაკების წარმოება კონკრეტული შედეგის დასრულებით. ჩვენ ერთად შევქმენით პრეცედენტი ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობით საქართველოსთან ერთად, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელოვნურად იქნა შექმნილი, ამოწურულია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თქვენს წარმომადგენელს ბატონ კრისტიან დანიელსონს, რომელიც თქვენი დავალებით იყო მოვლენილი საქართველოში, მან დიდი სამუშაო გასწია და იმუშავა ძალიან მჭიდროდ ჩვენს პარტიასა და ოპოზიციასთან.
საქართველომ გაიმარჯვა, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ჩვენი ევროპული მისწრაფებებსა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს.
შეხვედრაზე პრეზიდენტ მიშელს დავუდასტურე მზაობა მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეფორმების განხორციელებისკენ - ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისთვის მზაობას, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.