ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში ჩამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება წუხელ სპონტანურად მიიღო. პირველი ვიზიტისგან განსხვავებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში დღეს სულ სხვა პოლიტიკურ რეალობაში ჩამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის ოფისში გამართული ხელმოწერისას ყველაზე მეტად გახარებული სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩანდა.
მისი მედიაციის წარმატებით დასრულებას მიშელი ბრიუსელიდან კმაყოფილი ადევნებდა თვალს. უკვე დღეს კი, ის თავის ემოციებს თბილისში გამოხატავს.
პრეზიდენტი, პრემიერი, დოკუმენტზე ხელმომწერი დეპუტატები - ის უკვე ყველას შეხვდა.
"საქართველოს წინსვლის გზა“ - სწორედ ასე ჰქვია ბრიუსელის დოკუმენტს, რომელმაც რეალურად არ მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება უნდა შეცვალოს. დიდი პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ახალ გზას უხსნის.
ევროკავშირს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს მადლობაც არაერთხელ უთხრეს.
მადლობა ისმოდა შარლ მიშელისგანაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ყველა იმ აქტორის როლზე ისაუბრა, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა ან დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას შეუწყო ხელი.
შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი უკვე საკანონმდებლო ორგანოში იწყება.