17 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ახალი კონფიგურაცია საკანონმდებლო ორგანოში - 2020 წლის მოწვევის პარლამენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მრავალპარტიული იქნება

19 აპრილის შეთანხმებამდე საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იყო მხოლოდ სამი პარტია - "ქართული ოცნება", პარტია "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები". ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ პარტია "გირჩის" წევრებიც.

როგორი კონფიგურაციაა პარლამენტში შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის შემდეგ:

- "ქართული ოცნება" ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება 84 დეპუტატით, რადგან მათ რიგებს რამდენიმე დღის წინ 6 კანონმდებელი გამოაკლდა და უფრაქციო დეპუტატები გახდნენ

- პარტია "მოქალაქეები" წარმოდგენილია 2 დეპუტატით

- "ევროპელი სოციალისტები" 4 დეპუტატი

- "გირჩი" 3 დეპუტატი

- "გირჩი მეტი თავისუფლება"- მხოლოდ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

- "სტრატეგია აღმაშენებელი" 3 მანდატი

-"ლელო" 4 დეპუტატი

-"რესპუბლიკურ პარტიას" პარლამენტში 2 ქალი დეპუტატი შეჰყავს

- პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან" შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმა, ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში კიდევ 32 ადგილი აქვს

- შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს ამჟამად უპარტიო დავით ბაქრაძემ და არმაზ ახვლედიანმა. ორივე მათგანმა სადეპუტატო მანდატები პარტია "ევროპული საქართველოს" სიით მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერა ამავე პარტიის სიით გასულმა შალვა შავგულიძემ

ხელმოწერის შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უკვე დაკომპლექტებულია 8 პარტიით და 2 პარტიის წევრებით, რომლებმაც ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღეს. საერთო ჯამში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში უკვე არის 113 დეპუტატი, რაც კონსტიტუციურ ცვლილებებს სჭირდება.

ამრიგად, 2020 წლის მოწვევის პარლამენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი იქნება.

დღის ამბები