ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა გერმანიის მარშალის ფონდში გამოსვლის დროს მოუწოდა ყველა პარტიას, დოკუმენტზე ხელმოწერისკენ და ხაზი გაუსვა შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას.
ოპოზიციური პარტიების ნაწილის დათანხმებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებაზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მალეევე გამოეხმაურა. გვიან საღამოს, დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ ფრაისმა ტვიტერში დაწერა, რომ მიესალმებიან საქართველოში შეთანხმების მიღწევას და ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესია.
"დემოკრატიაში ზოგჯერ მოიგებ, ზოგჯერ წააგებ და ზოგჯერ კომპრომისზე წახვალ" - ეს თქვა ჩვენთან ინტერვიუში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენ იალოვიცმა ევროკავშირის მედიაციით შეთავაზებულ პირობებზე შეთანხმების კომენტირებისას. ამერიკელი დიპლომატი მიესალმება პირობას, 2022 წელს ვადამდელი არჩევნების მოწვევის შესახებ, თუკი ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება" ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ს ვერ მიიღებს. იალოვიცი ამბობს, რომ კომპრომისის დრო მოვიდა.
"ჩემი კოლეგების უმეტესობას, თუ არა ყველას, რომელიც საქართველოში მოვლენებს თვალყურს ადევნებს, სურს ამ დოკუმენტს ხელი მოაწერონ. ევროკავშირი, სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკის მთავრობა ამ კომპრომისს მიესალმება. მე ვთხოვ, ჩემს მეგობრებს ორივე მხარეს, გამოიყენონ კომრომისის შესახებ ეს შესაძლებლობა. პოლიტიკა ნულოვანი ჯამის თამაში ვერ იქნება. მოწინააღმდეგის განადგურებით მთლიანად მოგებული ვერ დარჩები. დემოკრატია არის ის, რომ ზოგს მოიგებ, ზოგს წააგებ და ზოგჯერ კომპრომისზე წახვალ. კომპრომისის დრო მოვიდა,"-აცხადებს კენეტ იალოვიცი
სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ ქრეიმერი კი ამბობს, რომ მისთვის გასაგები იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პოზიცია, მიშელის შეთავაზებასთან, რომ ჯერ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს.
"იმედი მაქვს და ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ ამ შეთანხმების ნაწილი მელიას გათავისუფლება იქნება. თუ ეს ასე არ მოხდა, მე შემიძლია გავიგო, რატომ არ სურს ნაციონალურ მოძრაობას ხელი მოაწეროს. ნაციონალური მოძრაობისთვის რთულია შეთანხმებაში მონაწილეობა, ვიდრე მისი ლიდერი ისევ დაკავებულია. ცუდი იმიჯი იქნება საქართველოსთვის ის სიტუაცია, რომ პარლამენტში იყოს მმართველი პარტია, რომელიც დომინანტია და სიმბოლურად ოპოზიციის მცირერიცხოვანი წარმომადგენლები, მთავარი ოპოზიციური ძალის გარეშე,"-ამბობს ქრემერი.
კიდევ ერთი სპეციალისტი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, უილიამ კორტნია, ასევე ყოფილი დიპლომატი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ელჩი იყო. კორტნი საუბრობს იმ საფრთხეზე, რაც საქართველოს აქვს პოლიტიკური უთანხმოების გაგრძელებით.
"ქართველები, რომლებიც არ ეთანხმებიან ბატონი მიშელის შეთავაზებას, საქართველოს ევროპულ გზას ასუსტებენ. ევროკავშირი ვერ მიიღებს საქართველოს, თუკი მას საკუთარი შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარება დემოკრატიულად არ შეუძლია. რაც ბოლო კვირებში იმოხდა, ეს საქართველოს შეყოვნებაა ევროკავშირთან მიერთების გზაზე,"-აცხადებს კორტნი.
დიპლომატმა ჩვენთან ასევე ისაუბრა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასამართლოს რეფორმა განხორციელებაზე, რაც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშია ჩადებული. თავისუფალი სასამართლოს არქონა, მისი თქმით, ვერ მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. გარდა ამისა, ხანგრძლივი პოლიტიკური არასტაბილურობა, როგორც დიპლომატი ამბობს, საგარეო მტრის ზეწოლისგან, ქვეყანას უფრო დაუცველს გახდის.