"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ მის გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა და ამიტომ გააკეთა დღეს განცხადება შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.
ელისაშვილმა სალომე სამადაშვილის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც საკუთარი გუნდისგან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა დოკუმენტს შეთანხმების შესახებ.
"სააკაშვილი მიხვდა, რომ როდესაც გეუბნება შენი ორი ყველაზე დიდი მოკავშირე - აშშ და ევროკავშირი, რომ ეს შეთანხმება ქვეყნის პერსპექტივაა და უნდა მოაწერო ხელიო, უნდა მოაწერო ხელი. სააკაშვილიც მიხვდა ბოლოს და ბოლოს, რომ არ შეიძლება ქვეყანა ნახევარი წელი წვალობდეს, თან დაინახა, რომ მის პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობაა.
გაბედა გუშინ სალომე სამადაშვილმა ხმამაღლა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია და ნახეთ მერე რა დღეში ჩააგდეს და რა შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს ჩვენც გამოვლილი გვაქვს და მას სიმტკიცეს ვუსურვებთ, მაგრამ მტკიცე ადამიანი ჩანს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.