"ამნისტიის კანონისთვის რაც არის მაქსიმალურად სწრაფი ვადა, შევეცდებით, რომ იმ ვადაში იყოს ყველაფერი გაკეთებული. იქნება საკომიტეტო მოსმენები, იქნება ყველაფერი, როგორც ეს პროცედურას სჭირდება. 3 პლენარული სხდომა, 3 საკომიტეტო მოსმენა, როგორც ეს სჭირდება ნებისმიერ კანონპროექტს და მივიღეთ ჩვენ თანხმობა ბატონი თალაკვაძისგან, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება ამ კანონის მიღება.
ჩემი მიზანია, რომ შეთანხმება, რომელიც უნდა ხალხს და რომელიც შედგა ასეთი მაღალი რანგის ადამიანის ვიზიტიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად იყოს იმპლიმენტირებული, გარდა ამისა, არის საკონსტიტუციო ცვლილებები და საკანონმდებლო ცვლილებები დასაწერი და ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ყველას მოვუწოდებ, ლანძღვა-გინების ნაცვლად პროფესიულ დისკუსიაზე გადავიდეთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, ამნისტიის კანონი შეეხება თუ არა იმ პოლიციელებსაც, რომელთაც 20 ივნისის აქციის მონაწილეები დანაშაულებრივ ქმედებებში სდებენ ბრალს, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისთვის მთავარი დამანაშავე არა პოლიციელები, არამედ ბრძანების გამცემები არიან.
გიორგი ვაშაძის თქმით, ამნისტიის კანონი არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც ჯერ პასუხისგებაში არ არიან მიცემული, შესაბამისად, მისი განცხადებით, ის არ შეეხება მათ შორის არც გიორგი გახარიას:
"ამაზე ვიმსჯელებთ კიდევ, გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის დამნაშავე არის არა კონკრეტული ის პოლიციელი, რომელმაც ქმედება ჩაიდინა, არამედ ის ადამიანი, ვინც ამ უკანონო ქმედების დავალება გასცა. შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. იმ ადამიანებს ვინც არაა პასუხისგებაში, არ შეეხება. ანუ ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, არ შეეხება და ვერ შეეხება ამნისტიის კანონი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.