შეერთებული შტატები პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებსა და პარტიებს პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს. შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ხელმოწერასთან ერთად მნიშვნელოვანია დოკუმენტის დროული აღსრულებაც და ამისთვის საქართველოს ამერიკა დაეხმარება.
"შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიაღწიეს, ყველა მხარისგან რთულ კომპრომისებს მოითხოვდა. უპირველეს ყოვლისა, ის მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ქართველი ხალხის მიმართ ერთგულებას, რათა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე მუშაობა. ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანია. ჩვენ ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომ საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა საქართველოს წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთად მუშაობის დაწყება შეძლოს.
ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ამ შეთანხმების მისწრაფებების მიღწევა და როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში სრული ინტეგრაციის გზაზე,“ - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერი, ნედ პრაისი.