ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით მომზადდა ხელმოწერისთვის ისევ ღიაა. ევროკავშირის ოფისში დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ევროპელი სოციალისტების" წევრები იყვნენ მისულები, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, შეთანხმება წინაპირობებს ქმნის გამარჯვებისთვის და იმ რეფორმებისთვის რომელიც ქვეყანას სჭირდება. მისი თქმით, საერთო ხელმოწერის გარდა, "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრები ინდივიდუალურ ხელმოწერებსაც აფიქსირებენ.
პარტია "ევროპელი სოციალისტების" პოლიტიკური საბჭოს წევრი ავთანდილ ენუქიძე ამბობს, რომ მათ, ვინც შეთანხმებას არ აწერენ ხელს, რევოლუცია და არეულობა სურთ.