"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ვიდრე ნიკა მელია საპატიმროშია, ენმ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"სანამ ნიკა მელია საპატიმროშია, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ და მონაწილეობას ვერ მივიღებთ ამნისტიის კანონპროექტის განხილვაში. თუმცა, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაც არის, რომ კანონი იმ სახით იყოს მიღებული, რომელიც პასუხობს როგორც ნიკა მელიას ინტერესებს, ასევე 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მოქალაქეების ინტერესებს.
"ქართულ ოცნებას" მიზნად აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა გარიყოს პოლიტიკური ველიდან და სწორედ ისეთ საკითხებზე მოახდინოს პედალირება, რომელიც მიღებელია როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის, ასევე პარტიის წევრებისთვის და მათი ელექტორატისთვის.
ჯერჯერობით, კრიზისი სახეზე გვაქვს, კი აცხადებენ აქტორები და ხელმომწერები, რომ კრიზისი გადაწყდა, მაგრამ მანამ, სანამ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია არის საპატიმრო დაწესებულებაში, ვიდრე, ჩვენ პროცესში არ ვმონაწილებთ, კრიზისი ვერ დასრულდება. მით უფრო, რომ დოკუმენტი შეიცავს ისეთ დებულებებს, რომელიც მომავალში უთანხმოების საგანი იქნება, როგორც თამარ ჟვანიას ცესკოს თავმჯდომარეობასთან, ასევე, საარჩევნო და სასამართლო რეფორმასთან,"-განაცხადა "დღის კურიერში" ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება შექმნის ატმოსფეროს, რომ პარტიამ იმსჯელოს შარლ მიშელის დოკუმენტის შეერთებაზე და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არ შეიძლება თავმჯდომარე იჯდეს ციხეში და პარტიის წევრებმა ხელი მოაწერონ დოკუმენტს.