ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნება". პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა აღსრულდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება.
"ევროპარლამენტარებთან ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები შეთანხმების, თვითონ შეთანხმების გაფორმების ფაქტის გარშემო. ასევე, გვქონდა იმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა აღსრულდეს ეს შეთანხმება.
რა თქმა უნდა, თვითონ ტექსტის და იმ საკითხების ასრულება, რომელიც ასახულია უშუალოდ ამ დოკუმენტის ტექსტში, მაგრამ მეორე ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თითოეულმა პარტიამ იმოქმედოს ამ შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად.
თვითმიზანი არ არის არანაირი შეთანხმება, მთავარი მიზანი არის, ბუნებრივია, ის, რომ საქართველოში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი, რადიკალიზმი და ა.შ. ამაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორებიც. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია, რომ ამ პროცესს სჭირდება დაკვირვება,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხსაც შეეხნენ.
განსაკუთრებული დაკვირვება სჭირდება თვითმმართველობის არჩევნებს, რომ არ გახდეს ეს არჩევნები მორიგ ჯერზე პოლარიზაციის გაღვივების კიდევ ერთი ინსტრუმენტი. ამაში ჩვენ გვჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. ჩვენ ვართ მმართველი პარტია და ბუნებრივადაც ვართ დაინტერესებული იმაში, რომ რაც შეიძლება დაბალი იყოს რადიკალიზმის, პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში.
შეიძლება გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ განსხვავებული ინტერესი. სწორედ ამას სჭირდება განსაკუთრებული დაკვირვება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამაზე ვთანხმდებით ჩვენ ევროპარლამენტარებთან,"- აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.