17 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
ახლა საუბარი დოკუმენტის გადასინჯვაზე, დესტრუქციის ახალ ტალღაზე, ყოვლად დაუშვებელია - მიხეილ სარჯველაძე

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია მათთვის მიუღებელია და დესტრუქციას ემსახურება.

მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკის შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მცდელობაა. 

"უსამართლოა ასეთი მიდგომა. მე ამ შემთხვევაში არც პოლიციელების ადვოკატი ვარ და, მით უმეტეს, არც მელიას და რურუას ადვოკატი ვარ და არც იმ ხუთი პიროვნების, რომლებიც დროებით არიან გათავისუფლებული გირაოთი. ეს არის აქტი, გამოხატულება, დამოკიდებულება, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა გამოხატონ პოლიტიკური ვითარების მიმართ და საქართველოში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ აქტით. ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი პოზიციებით გამოსვლა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს და შეიძლება სხვაც, მასზე აყოლილი, ეს არის ჩაშლის მცდელობა."-აცხადებს გია ვოლსკი. 

"ოცნების" კიდევ ერთი წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის განცხადებებს, შესაძლოა, დესტრუქციის მორიგი ტალღა მოჰყვეს, რაც მიუღებელია. 

"ახლა საუბარი დოკუმენტის გადასინჯვაზე, დესტრუქციის ახალ ტალღაზე, არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, არ შეიძლება ამ მიმართულებით სვლა, რის მცდელობასაც ვხედავთ ბოლოდროინდელ განცხადებებში ოპოზიციის მხრიდან,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინააღმდეგია, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტია გამოცხადდეს, რასაც შედეგად მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა მოჰყვეს. ამნისტიის კანონის მიღება ერთ-ერთი პუნქტია ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემოთავაზებული ახალი დოკუმენტისა, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა. 

დღის ამბები