"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ოპოზიციის ნაწილსა და "ქართულ ოცნებას" შორის გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვან და გარდამტეხ ცვლილებებს ვერ მოიტანს.
როგორც გიგა ბოკერია მიიჩნევს, უნდა მოხდეს საზოგადოების მობილიზება იმისთვის, რომ ხელისუფლება დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით შეიცვალოს.
"მეტი სიმყარის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო იმ ტიპის შეთანხმების მიღწევა, რომელიც ჩემი აზრით, მართლა მოიტანდა გარდატეხას და გაამყარებდა ან დაიწყებდა გამყარებას საზოგადოების ნდობის პოლიტიკური ინსტიტუტების, კლასის, სახელმწიფო ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ - ეს არ მოხდა. ახლა, ამ არასახარბიელო შედეგის შემდეგ, ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და ჩვენ ამ რთულ ვითარებაში უნდა მოვახდინოთ საზოგადოების მობილიზება, რომ ეს ქვეყნისთვის საშიში რეჟიმი უნდა დავამარცხოთ მშვიდობიანი, დემოკრატიული გზებით,"- აცხადებს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინააღმდეგია, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტია გამოცხადდეს, რასაც შედეგად მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა მოჰყვეს. ამნისტიის კანონის მიღება ერთ-ერთი პუნქტია ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემოთავაზებული ახალი დოკუმენტისა, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა.