17 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
ჩვენ გვინდა, ნიკა მელიამ უპირობოდ დატოვოს საპატიმრო - ნიკა ობოლაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმრო უპირობოდ დატოვოს.

პარტიის წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, ამნისტიის კანონის მიღება, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების გათავისუფლებასაც გულისხმობს, მათთვის მიუღებელია. 

"ამ შეთანხმებაში ამნისტიის მიზანი არის, რომ მელიამ დატოვოს საპატიმრო. ჩვენ გვინდა, რომ უპირობოდ დატოვოს საპატიმრო. ის, რასაც ხელისუფლება ამბობს - თითქოს ამნისტია ითვალისწინებს იმ მოძალადე პოლიციელების ამნისტიასაც, რომლებმაც იძალადეს ხალხზე 20 ივნისს, ეს არც ამ შეთანხმებაში წერია,"-აცხადებს ნიკა ობოლაძე.

კანონის მიღება მიუღებელია ელენე ხოშტარიასთვისაც.

"გაჩნდა საფრთხე, რომ ეს შეიძლება შეეხოს მოძალადე პოლიციელებს, რაც კატეგორიულად, ყველა თვალსაზრისით მიუღებელია. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობამ ისიც გამოიწვია, რომ თავად ხელმომწერი რამდენიმე ოპოზიციონერი საუბრობს, რომ სამ პოლიციელს შეეხება. მე მივესალმები "ლელოს" მცდელობას, რომ რაღაც მექანიზმი მოიფიქრონ და ისე გააკეთონ, რომ ეს ასე არ მოხდეს,"- აცხადებს ელენე ხოშტარია. 

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინააღმდეგია, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტია გამოცხადდეს, რასაც შედეგად მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა მოჰყვეს. ამნისტიის კანონის მიღება ერთ-ერთი პუნქტია ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემოთავაზებული ახალი დოკუმენტისა, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა. 

დღის ამბები