17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგეს მხრიდან გადამეტება - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ამნისტია 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ყველა პირს უნდა შეეხოს, რადგან ეს საქმეები ურთიერთკავშირშია. 

მისი განცხადებით, პოლიცია ძალას არ გადაამეტებდა, თუ დემონსტრანტები დარჩებოდნენ კანონის ფარგლებში.

"ამნისტია უნდა იყოს საყოველთაო. მე მესმის, რომ გარკვეული ნაწილის შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას შეეხოს და ვიღაცას არა, მაგრამ მოვლენის გარშემო საყოველთაო ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, რადგან ყველა ფიგურანტი, ამ საქმესთან დაკავშირებით, ურთიერთკავშირშია. პოლიციელის მხრიდან არ იქნებოდა გადამეტება, რომ არ ყოფილიყო მომიტინგეს მხრიდან გადამეტება. ასე რომ, ერთი მეორესთან კავშირშია,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიის კანონის შესახებ პუნქტის ჩამატება თავად ოპოზიციამ მოითხოვა. 

"ამნისტიის საკითხი რომ შესულიყო შეთანხმებაში, შემოთავაზებული იყო ევროკავშირისგან, სწორედ ოპოზიციის თხოვნის თაობაზე. ჩვენ ამ შეთავაზებას დავთანხმდით მოცემული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე და დღეს ნებისმიერი პარტია თუ პარლამენტის წევრი,. ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას და არ შეასრულებს ნებისმიერ პუნქტს, აუცილებლად პასუხს აგებს პოლიტიკური ფასით, როგორც, პირველ რიგში, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ისე საქართველოს ამომრჩევლების წინაშე,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინააღმდეგია, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტია გამოცხადდეს, რასაც შედეგად მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა მოჰყვეს. ამნისტიის კანონის მიღება ერთ-ერთი პუნქტია ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემოთავაზებული ახალი დოკუმენტისა, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა. 

 

დღის ამბები