19 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით დამატებით 1000 საწოლის მობილიზაცია მოხდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს მიერ დღეს გამოცემული ბრძანებით, 1 000 საწოლთან მიმართებაში დამატებითი მობილიზაცია მოხდება. მინისტრის განმარტებით, ქვეყანას აქვს 5 500 საწოლი, საიდანაც 2 000 არის თავისუფალი. ამ ეტაპზე, მკურნალობას კოვიდკლინიკებში 3 500-მდე პაციენტი გადის.

"დღეს გამოიცა სამინისტროს მხრიდან ახალი ბრძანება, რითაც ჩვენ გამოვაცხადეთ მობილიზაცია დამატებით 1 000-ს საწოლთან მიმართებაში. ეს კლინიკები, რომლებიც უკვე საკმაოდ კარგად არიან გამოცდილები კოვიდპაციენტების მართვაში ეტაპობრივად იწყებენ კვლავ ჩართვას. ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს 5 500 საწოლი, სადაც მობილიზებული არის ყველა ის საჭირო ინვენტარი, რომელიც პაციენტს ესაჭიროება და ასევე მობილიზებულები არიან ჩვენი უკვე გამოცდილი ექიმები კოვიდ მართვაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის, მკურნალობას გადის 3 500-მდე პაციენტი, აქედან გამომდინარე 2 000 საწოლი არის თავისუფალი და შემდეგი კვირის განმავლობაში კიდევ დამატებით 1 000 საწოლი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა, ის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელიც საქართველოდან გადაიღო არა ერთმა ევროპულმა ქვეყანამ და რომელი რეალურად საქართველოს მხრიდან ასეთი ტრენდული და ბრენდირებული ნიშით გავრცელდა მსოფლიოში კლინიკური სასტუმროები. ჩვენ გვაქვს უკვე მობილიზებული 9 კლინიკური სასტუმრო, სადაც ასევე ჩვენი მოქალაქეები გადიან მკურნალობას.

ონლაინკლინიკაც წარმატებულად მუშაობს, ამ ეტაპისთვის, გადატვირთვის მაჩვენებელი არ არის სამედიცინო სექტორში, თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა, ვმუშაობთ იმის მიმართულებით, რომ ეტაპობრივად და თანმიმდევრულად საჭირო საწოლფონდი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის შემთხვევაში დასჭირდებათ,  მზად დახვდეთ," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები