რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პოლიტიკოსის პოზიცია უცვლელია. გირაოს გადახდა რომ ნიკა მელიასთვის პოლიტიკური ხარკია - ეს მისმა თანაპარტიელებმა და ინტერესების დამცველებმა დღეს კიდევ ერთხელ გაახმოვანეს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე არ ეთანხმება არც ამნისტიის პროექტს, რადგან არ სურს, მასთან ერთად თუნდაც ერთი პოლიციელი მაინც შეიწყალონ და ამ გზით შესაძლო დანაშაულებებიც დაიფაროს.
ნიკა მელიას გარდა, ვისთვის გააღებს საპატიმროს კარს ამნისტია და ვისთვის არა?- ეს საკითხი დიდი პოლიტიკური შეთანხმების გაფორმებიდან მალევე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ახალი უთანხმოების მიზეზი გახდა. დოკუმენტმა პარლამენტში შესულებს, შემსვლელებსა და გარეთ დარჩენილებს შორის ინტერპრეტაციები გააჩინა. ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ევროპელი მედიატორების პირობა იყო, რომ ამნისტიაზე პასუხისმგებლობას ორივე მხარე თანაბრად აიღებდა და სისხლის სამართლის დევნა მხოლოდ ნიკა მელიას საქმეზე არ შეწყდებოდა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მძიმე დანაშაულებების ჩამდენ პირებზე ამნისტია არ უნდა გავრცელდეს და ვერც გავრცელდება, რადგან აღნიშნულ მუხლებს საერთაშორისო კონვენციები იცავს.
20 ივნისის საქმეზე ამჟამად ბრალი 3 პოლიციელს აქვს წარდგენილი. გამოძიება სამივეს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ამნისტია შესაძლოა, სწორედ 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხოს. შეთანხმების დოკუმენტში წერია, რომ ამნისტია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაში ბრალდებულ და დაკავებულ პირს. რა ჩაიწერება ერთობლივ კანონპროექტში, ჯერ უცნობია, მუშაობა დოკუმენტზე უკვე დაწყებულია.
ამნისტიის კანონის მიღებამდე საპარლამენტო ოპოზიცია მელიას ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე დათანხმებასაც ურჩევს
უკვე შეთანხმებულ და ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით პრეტენზიები გაუგებარია "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის. ამბობენ, რომ პატიების აქტი გამოიცემა იმ პირობებით, რომელიც გაწერილია შეთანხმებაში და ვერც პერსონები დაკონკრეტდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ სუბიექტური ინტერესი არ გააჩნიათ, ოპონენტებს კი სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
იმ შემთხვევაში, თუკი ნიკა მელია გირაოს არ დათანხმდება - საპატიმროს დატოვება მას ამნისტიის შესაბამისად მოუწევს, პროექტი პარლამენტში უკვე სამშაბათს დაინიცირდება. სწორედ ამ დოკუმენტით შევა ოპოზიცია ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ პირველად მეათე მოწვევის პარლამენტში. განხილვა ჯერ კომიტეტებში დაიწყება, მოგვიანებით კი კენჭისყრაზე გავა. არ არის გამორიცხული რიგგარეშე სესიის მოწვევაც გახდეს საჭირო. ამნისტიის პროექტი კანონად დაახლოებით ერთ თვეში უნდა იქცეს. ნიკა მელიას სამართლებრივი სტატუსი კი სავარაუდოდ, ამ ამნისტიის გამოცხადების შემდეგ შეეცვლება.