17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ქალთა ორგანიზაციები გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას გმობენ და პოლიტიკურ პარტიებს ხელმოწერების უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ

სქესობრივ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას მიმართ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ განცხადებას ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები გმობენ და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნული განცხადებიდან ხელმოწერები გაიწვიონ.

"ქალთა მოძრაობა ეხმიანება პოლიტიკური პარტიების განცხადებას პოლიტიკოსი გოგი წულაიას საქმეზე, რომელიც დაკავებულია სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (სსკ 138-ე მუხლი) ბრალდებით. პარტიების მხარდამჭერი განცხადება გოგი წულაიას მიმართ არის უკიდურესად შემაშფოთებელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ "გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე."

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ 138-ე მუხლი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და ასეთი ქმედებისთვის, მოცემულ საქმეზე არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდებული არის გავლენიანი ფიგურა და შეუძლია ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, მათ შორის, დაზარალებულზე ზეწოლის გზით. პარტიები აღნიშნავენ, რომ "ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება," ეს ინფორმაცია არ დასტურდება სტატისტიკით. პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ დაწყებული გამოძიებებისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა რიცხვი ისედაც დაბალია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულების სისტემა არ არის მგრძნობიარე და ორიენტირებული მსხვერპლის დაცვაზე და შეღავათიანი და მსუბუქი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ ზოგადად არის პრობლემა. იმის მაგივრად, რომ პარტიები ითხოვდნენ სექსუალურ ძალადობაში მხილებული პირების მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას, ისინი მოუწოდებენ მართლმსაჯულების სისტემას შეღავათი გაუწიოს პოლიტიკოს კაცს და ზოგადად შეინარჩუნოს ქვეყანამ არასერიოზული და ხელისშემწყობი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ. ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ყველა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და აქეზებს მოძალადეებს.

არსებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ 138-ე და სხვა სქესობრივი დანაშაულების დროს აღკვეთის ღონისძიების სახით, როგორც წესი, გამოიყენება პატიმრობა.  საქართველოში და სასურველია გამკაცრდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა ასეთ დანაშაულებზე, არათუ შემსუბუქდეს და გაგრძელდეს სექსუალური მოძალადეების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე, ცდილობენ რა პარტიები გამოიყვანონ ეს საქმე პოლიტიკურ დევნად, ხშირად გამოიყენებენ ტერმინებს "დანაშაულის პროვოცირებას", რაც არის სრულიად მიუღებელი და არასწორი დამოკიდებულება ზოგადად სექსუალური ძალადობის საქმეების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ დანაშაულის პროვოკაცია ნიშნავს სხვა პირის დაყოლიებას დანაშაულის ჩასადენად, რომელიც უნდა ხდებოდეს, როგორც წესი, ადამიანის ფსიქიკაზე აქტიური ზემოქმედებით და არა უბრალოდ პირობების შექმნით; ყველაზე ხშირად დანაშაულის პროვოკაცია გვხვდება კომერციული მოსყიდვის, ნარკოტიკული დანაშაულების და ქრთამის მიცემის ან აღების დროს. მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციული საქმიანობა თეორიულად შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დანაშაულის ჩასადენად, ჩვენთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ უნდა მოხდეს სექსუალური ძალადობის დანაშაულის პროვოცირება. ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ სექსუალური ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს ქალმა.

განსაკუთრებით უადგილოა დანაშაულის პროვოცირებაზე საუბარი ამ კონკრეტულ საქმეში, სადაც გოგი წულაია თავად დაუკავშირდა მსხვერპლს, თავად შესთავაზა საქმიანი ვიზიტი თბილისში, თავად დაიქირავა ბინა, სადაც განახორციელა ძალადობა. მსხვერპლის მიერ თვითდახმარების რეჟიმში განხორციელებული ფარული ჩანაწერით (რომლის ნაწილი ასევე საჯაროდ გაშუქდა მედიით) თავად გოგი წულაიაც ადასტურებს, რომ სწორედ მის მიერ ხდებოდა სქესობრივი კონტაქტის შეთავაზება, რაზეც არაერთხელ მიიღო ქალის უარი და ამის შემდეგ გოგი წულაია გადავიდა ფიზიკურ ძალადობაზე, რის შედეგადაც როგორც მოძალადემ, ისე მსხვერპლმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. ამდენად, აშკარაა, რომ მსხვერპლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის პროვოკაციას და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ვინაიდან ამ პროცესში განხორციელებული ყველა აქტივობის ინიციატორი თავად ბრალდებული იყო.

აღნიშნულ საქმეში გოგი წულაიას პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა არის განპირობებული პარტიული მიკერძოებულობით და მოკლებულია საფუძველს. პოლიტიკური პარტიების მიერ სექსუალური მოძალადის მხარდაჭერა და მისთვის შეღავათიანი აღკვეთის ღონისძიებების მოთხოვნა კი წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლების დისკრიმინაციას და მოძალადეების მხარდაჭერას.

მოვუწოდებთ:

- პოლიტიკურ პარტიებს გაიწვიონ ხელმოწერები აღნიშნული განცხადებიდან; - მედიებს თავი შეიკავონ სექსუალური ძალადობის შემთხვევების "დანაშაულის პროვოცირებადშერაცხვისაგან." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "ქალთა მოძრაობა", "საფარი", "ქალები საქართველოდან", "ქალები საერთო მომავლისთვის" (WECF).

დღის ამბები