17 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
შეთანხმების დოკუმენტიდან ნებისმიერი გადახვევა ავტომატურად იქნება ნიშანი ამ შეთანხმების დარღვევის - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათლად წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა იმ პირს, რომელიც 20 ივნისის საქმეში ფიგურირებს და ნებისმიერი გადახვევა შეთანხმების დარღვევა იქნება.

"ამნისტია, ეს არის შეწყალების აქტი, ხდება პატიება არა პერსონალიების, არამედ კონკრეტული დანაშაულების. ამ მოვლენებიდან გამომდინარე, ხდება როგორც ჰუმანური, ისე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ყველა ის პრინციპი, რაც შეთანხმების დოკუმენტშია ასახული და ნებისმიერი გადახვევა ავტომატურად იქნება ნიშანი ამ შეთანხმების დარღვევის,"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა. 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ამილახვარის თქმით, შეთანხმების დოკუმენტში სიტყვასიტყვით არის ჩაწერილი, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა პირს, ვინც დაკავშირებულია 20 ივნისის მოვლენებთან.

"პირდაპირ, სიტყვასიტყვით არის ჩაწერილი შეთანხმებაში, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა პირს, ვინც დაკავშირებულია 20 ივნისის მოვლენებთან. შესაბამისად, იქნება ეს პოლიციელი, იქნება ეს ნიკანორ მელია, რომელსაც არანაკლებ დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ სხვა. ახლა ოპონენტების სპეკულაციები, რომ კიდევ როგორმე არიონ მოლაპარაკების პროცესი და შეთანხმება, არ გამოვა,"- გიორგი ამილახვარმა.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, კანონის მიღების ვადები შეთანხმების დოკუმენტითაა განსაზღვრული. კანონპროექტის ინიცირება ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად სამშაბათს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინააღმდეგია, 20 ივნისის საქმეებზე ამნისტია გამოცხადდეს, რასაც შედეგად მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა მოჰყვეს. ამნისტიის კანონის მიღება ერთ-ერთი პუნქტია ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემოთავაზებული ახალი დოკუმენტისა, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები