როგორ უნდა დატოვოს ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება ჯერჯერობით უცნობია.
ხელმომწერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ამნისტიის კანონპროექტზე რათა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საპატიმრო დროულად დატოვოს. მათი ლიდერის ამგვარი ამნისტიით გათავისუფლება მიუღებელია ნაციონალური მოძრაობისთვის, იგივე პოზიცია აქვს "ევროპულ საქართველოს".
ის რომ ამნისტიის კანონი ნიკა მელიასა და აქტივისტების გარდა შეეხება 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სამართალდამცველებს ადასტურებს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე, თუმცა პირობას დებს რომ ამნისტიის კანონპროექტში ვერ მოხვდება მძიმე დანაშაულები.
"ეს ამნისტია უნდა იყოს ორმხრივი თუ ვლაპარაკობთ ნიკა მელიას ბრალის მოხსნაზე, აქტივისტების მუხლების ჩაწერაზე, ეს გულისხმობს ასევე აღძრულ საქმეებს, ჩვენ ვიცოდით, დავადგინეთ, საუბარია 3 პოლიციელზე, რომელთაც წარდგენილი აქვთ ერთი მუხლით ბრალდება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, არცერთი მძიმე დანაშაული ამ ამნისტიის კანონპროექტში ჩაწერილი არ იქნება," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარტიის, თავად ნიკა მელიას და მისი ადვოკატების მოსაზრებით, ენმ-ს ლიდერის გათავისუფლება უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებით:
"თუმცაღა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა თავდებობით შესაძლებელია იყოს ის კომპრომისი რომელიც მართლაც დაასრულებდა ამ პოლიტიკურ კრიზისს," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე შეთანხმებაზე ხელისმომწერ პარტიებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მათი მხრიდან ხდება საკითხის ისე შეფასება, თითქოს შეთანხმების პროცესს ნიკა მელია და მისი ამნისტიასთან დამოკიდებულება შლის.