45 წლის მამაკაცი, რომელიც ბავშვებს აიძულებდა ეთხოვათ მოწყალება, გაეყიდათ ნივთები და თანხა მისთვის მიეცათ, ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. თუ მოზარდები მის ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ, მამაკაცი, რომელიც მათ ბიძად ეკუთვნოდათ, ბავშვებს ფიზიკურად უსწორდებოდა.
დაკავებულის ადვოკატი უშანგი მგელაძე ტრეფიკინგის ბრალდებას არ ეთანხმება და ამ ქმედებას საარსებო საშუალებისთვის ბრძოლას უწოდებს:
"მის მიმართ შერაცხული ბრალი რაც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან არ არის ისეთი შემადგენელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ამ გარემოებებს ადასტურებდეს და ამტკიცებდეს. ამდენად ეს იმდენად ყოფითი და გაუსაძლისი ცხოვრების პირობებია, რომ ის და მასთან ერთად მყოფი არასრულწლოვნები, საარსებო საშუალებისათვის ბრძოლის ფრონტი უფროა, ვიდრე კლასიკურ ტრეფიკინგთან დაკავშირებული," - განაცხადა უშანგი მგელაძემ.
საქმის პროკურორის ანა ხახანაშვილის განცხადებით, დაკავებულ პირს არასრულწლოვნებისთვის დაწესებული ჰქონდა, რომ მისთვის ყოველდღიურად 40 ლარი უნდა მიეტანათ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.