17 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
მივესალმებით "ლელოს" ინიციატივას, მაგრამ მგონია რომ ამ ეტაპზე მიუღწეველია - პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციური პარტიების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი "ლელოს" ინიციატივის მიმართ, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას ევროპარლამენტარების თავდებობით ითვალისწინებს. პარტიებში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" ამ ინიციატივას არ დათანხმდება. 

ამასთან, "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ სწორედ ეს ინიციატივა მიუთითებს იმაზე, რომ შეტანხმების უკეთესი ფორმულირება მისაღწევი იყო. 

"თავდებობის ფაქტი, რომელიც ამ დღეებში გამოიკვეთა, კარგია, თუმცა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მოლაპარაკებისთვის სივრცე კიდევ იყო დარჩენილი და ოპოზიციურმა პარტიებმა იჩქარეს ხელმოწერა. ბევრად უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა. თუმცა, მეეჭვება, რომ თავდებობით გაათავისუფლონ მელია,"-აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ლაშა დამენია. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" იმაზე მეტის დათმობას არ აპირებს, რაც ოპოზიციის ნაწილთან გაფორმებული შეთანხმებით დათმო. 

"ქართული ოცნების" პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ კიდევ ახალი ლეგიტიმაცია მოხდეს ნიკა მელიასი, როგორც პოლიტიკური პატიმრის. უნდა გვესმოდეს, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს იმაზე მეტის დათმობას, რაც დათმო შარლ მიშელის დოკუმენტით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე მგონია, რომ ამ ეტაპზე, ეს მიუღწეველია,"-აცხადებს მანჯგალაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ლელომ" ევროპარლამენტარებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თავდებობა შესთავაზა, რათა მელიამ საპატიმროს დატოვება გირაოს გადახდისა და ამნისტიის გარეშე შეძლოს. მათივე ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობას, ხოლო თავდებობაზე მზადყოფნა ევროპის მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა გამოთქვეს. "ლელო" თავადაც გამოთქვამს სურვილს, თავდებში დაუდგეს ნიკა მელიას. 

დღის ამბები