17 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
საქართველო სტაბილური ქვეყანაა რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრები შეხვედრაზე მიესალმნენ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობას პოლონეთ-რუმინეთ-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში, რაც კარგი საშუალებაა რეგიონისთვის აქტუალური უსაფრთხოების თემების განსახილველად და ასევე წარმოადგენს აღნიშნული ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას ორივე ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მხრივ საქართველო-პოლონეთის წარმატებულ თანამშრომლობას და საერთაშორისო ასპარეზზე პოლონეთის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პოლონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობისა და შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. თავის მხრივ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების მხრიდან შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობა. მან პოლონეთის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს როგორც პოლონეთის დიდი მეგობრის და რეგიონში მთავარი პარტნიორის მიმართ.

"გვაქვს შესაძლებლობა, უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ უსაფრთხოების გარემო ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებთან. სწორედ ამიტომ, პირველად გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რადგან გვსურს, სიღრმისეულად გავიგოთ სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები.

ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები გვაკავშირებს საქართველოსთან. ეს შესანიშნავი თანამშრომლობაა. პოლონეთს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი და განვითარებული პარტნიორი რეგიონში. ამიტომ, მივესალმეთ ახალ ამბებს თბილისიდან, რომ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ეს ადასტურებს, რომ საქართველო სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს.

მინდა, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო საქართველოს. ის პოლონეთის ნამდვილი მეგობარია და მთავარი პარტნიორია რეგიონში," - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუსიმ.

დღის ამბები