"სტრატეგია ღამაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების ერთადერთი გზა ამნისტიაა, გირაო კი მისი სრული თავისუფლების გარანტიებს ვერ იძლევა.
მისი შეფასებით, ოპოზიციონერთა ნაწილის განცხადებები ამნისტიის დაგმობის შესახებ პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება და პასუხისმგებლობის არიდებაა.
"კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, მე ვაპირებ ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით.
გარდა ამისა, ამნისტიის კანონის მიღებამდე, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევძლოთ მისი უფრო ადრე გათავისუფლება. მაგრამ აქ, მოგეხსენებათ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული და "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული.
გარდა ამისა, სპეკულაციები რომ დასრულდეს - გირაო არ არის ამნისტიის კანონის ალტერნატივა, ჩვენი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ მელიას საქმე და არამარტო მელიასი, პროცესში მონაწილე სხვა პირების, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, რადგან გირაოს გადახდა, რომც გადაეხადა ევროკავშირს, ეს ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმროდან და მერე შეიძლება ისევ შეებრუნებინა "ქართულ ოცნებას". ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება მიკერძოებულია, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ და უპრობლემოდ ჩასვამდნენ ციხეში ნიკა მელიას განმეორებით.
მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი მხრივ, გმობენ ამნისტიას (ეს არ ეხება ნიკა მელიას) და, მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში, რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება - ხელები დაიბანეთ პროცესიდან, მაგრამ პროცესით გინდათ შედეგები მიიღოთ. მე ხელებს არ დავიბან, რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს შევასრულებ და "ქართულ ოცნებას" მოვთხოვ, ზედმიწევნით შეასრულოს თავისი ყველა პირობა,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.