საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის სენატში შეტანილი რეზოლუციის პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
მმართველი პარტიის დეპუტატი აშშ-ის სენატისგან პოზიტიურ გზავნილებზე საუბრობს.
"სენატორი რიში ყველაზე კრიტიკულად არის დღევანდელი მთავრობის მიმართ განწყობილი და რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ აცდენა იყო ევროატლანტიკურ კურსთან, თუმცა ახლა ის აცხადებს, რომ საქართველო მყარად დგას ამ პროდასავლურ კურსზე, რაშიც სხვას არავის ეჭვი არ შეუტანია.
ჩვენთვის ეს ძალიან გასახარი და კარგი დოკუმენტია, რადგან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკისთვის საქართველოს დემოკრატიას და განვითარებას," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
სენატორებმა ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ჯინ შაჰინმა - ჩვენს ქვეყანაში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მხარდამჭერი რეზოლუცია სენატს წარუდგინეს.
დოკუმენტი მიესალმება შარლ მიშელის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმების სრული განხორციელება მოხდება პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად
რეზოლუციის ტექსტის გამოქვეყნების პარალელურად, სენატორებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, განცხადებებიც გაავრცელეს.