შვიდი პოლიტიკური პარტიის და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ერთი პუნქტი საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს - მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული იქნება, ბარიერი კი 2%–მდე შემცირდება. საარჩევნო კომისია 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით დაკომპლექტდება, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი ოპოზიციის წარმომადგენელი გახდება. ცვლილებები პარლამენტმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მიიღოს.
შეთანხმების ერთ-ერთი მუხლის თანახმად უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, პარლამენტს კანონპროექტი ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით უნდა წარედგინოს, პარალელურად კი სასამართლოში მიმდინარე დანიშვნები შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს ახალი განცხადებების მიღება. დოკუმენტში საუბარია ვადებზეც, სასამართლო რეფორმის შესახებ კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე უნდა მოხდეს, საბოლოოდ დამტკიცება კი არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.
პარლამენტის ინსტიტუციონალური როლის გაძლიერებისთვის მედიატორებმა მხარეებს შემდეგი ვერსია შესთავაზეს - ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მეათე მოწვევის პარლამენტში 5 კომიტეტს უხელმძღვანელებენ. ასევე, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის ერთ პოზიციას საერთაშორისო ფორუმებში.
დოკუმენტში ნახსენებია ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ წელს, თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი ძალა პროპორციული ხმების 43 %–ზე ნაკლებს მიიღებს. ამ გამოწვევისთვის მზად არიან "ქართულ ოცნებაში". მმართველი პარტიის წევრები ვადამდელი არჩევნების ჩატარების ალბათობას გამორიცხავენ.
შარლ მიშელის დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება 19 აპრილს შედგა. დოკუმენტზე ამ დრომდე ხელი არ მოუწერია "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოს" და "ლეიბორისტული" პარტიის ხელმძღვანელ შალვა ნათელაშვილს.