მიმდინარე კვირის პირველი პლენარული სხდომის მთავარი საკითხი პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება. კანდიდატად ყოფილი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავაა წარდგენილი, ხოლო მის ადგილს არჩილ თალაკვაძე დაიკავებს.
სხდომას დაესწრებიან პარტია "გირჩის" წევრები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ. დაუჭერენ თუ არა მხარს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, ჯერ არ იციან პარტია "მოქალაქეების" წევრებმა.
"აუცილებლად ვიქნები პლენარულ სხდომაზე, სადაც მოხდება ახალი პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცება. დავუჭერ თუ არა მხარს, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, ამას გაიგებთ, როდესაც კენჭისყრა შედგება. მისი რიტორიკა იყო ბევრად უფრო დაბალანსებული, პოლიტიკურად ნეიტრალური და ამ ნიშნით მისი შერჩევა ჩემი აზრით იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ვინც ის შეარჩია იყო გამართლებული ნაბიჯი," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, არჩილ თალკავაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ორი დღის წინ დატოვა. როტაციის მიზეზად, უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარედ შედარებით ნეიტრალური პირის დანიშვნის აუცილებლობას ასახელებს.