საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებასა და ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავების შესახებ, რომელიც მისი ინიციატივის შესაბამისად მიმდინარეობს, ასევე, ისაუბრა ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ვიდეოკონფერენციისას, ასევე აღინიშნა, რომ EIB-ი ჩაერთვება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით და ხელს შეუწყობს შესაბამისი პროგრამების განხორციელებას.
უწყების ცნობით, საუბარი შეეხო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.