"ქართულ ოცნებაში" შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტის კონტექსტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელებას განიხილავენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა ხელმომწერმა მხარემ საკუთარი პასუხისმგებლობა ხელმოწერით დაადასტურა და შესაბამისად, დოკუმენტში ასახული პუნქტების შესრულება მხარეების პირდაპირი ვალდებულებაა.
გარდა ამისა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მოისმინონ განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტულად ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა ამ კონსულტაციების შემდეგ მოხდეს პოზიციების დაახლოება და საკანონმდებლო ორგანოს ერთობლივი საკანონმდებლო პაკეტი წარედგინოს.
"ამნისტიის ტექსტთან დაკავშირებით მიდის კონსულტაციები. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს კანონი იყოს საერთო, ერთობლივად შედგენილი. ნებისმიერი შემთხვევაში, "ქართული ოცნების" მხრიდან იქნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის პირობა, რომელიც ამნისტიის აქტს ეხება, ისევე როგორც ყველა დანარჩენი პირობა, ზედმიწევნით შესრულებული, ასევე, რა თქმა უნდა, არანაირ გაწვევაზე არ შეიძლება იყოს საუბარი ამ კანონპროექტის," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.