"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტიის ალტერნატივა ვერ იქნება გირაოს გადახდა. ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მოუწოდებს, კაცურად შეხვდეს ყველა იმ ფაქტს, რომელიც შეთანხმებაშია.
დღესვე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ აირჩიეს პარლამენტში ახალი თავმჯდომარე.
"პოლიტიკურ დისკუსიებში სპიკერი მხარედ არ უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ეს მე და არჩილ თალაკვაძეს გვიწევდა. ერთადერთი მიზეზი ეს იყო, რატომაც მიიღო არჩილ თალაკვაძემ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მხოლოდ მისი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ეს არ არის სხვა რაღაცების ალტერნატივა, საუბარი იყო იქ გირაოზე. ამნისტია არის ერთადერთი ზომა, რომელიც ბრალდებულს იცავს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან.
ამნისტიას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ეს არ იყო ჩვენი მოთხოვნა, პირიქით, ჩვენ არ მოგვწონდა ეს პუნქტი, მაგრამ რადგან ხელი მოვაწერეთ, პასუხისმგებლები ვართ აღსრულებაზე.
მელიას გირაოს გადახდა არის მნიშვნელოვანი და პრინციპულად მნიშვნელოვანია მელიამ აღიაროს ეს გირაო. მაგრამ თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ის დაბრუნდება ციხეში, ამიტომ ამნისტიის ალტერნატივა არ არის გირაო.
მე მინდა მას შევახსენო, ეს არ არის კაცური საქციელი. მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.