პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამნისტიის კანონი აუცილებლად დაინიცირდება და ნიკა მელია თემით სპეკულირებს. გივი მიქანაძის თქმით, მელიას შეუძლია ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს და საპატიმრო დღესვე დატოვოს.
"ნიკა მელია არ არის ის პიროვნება, რომელიც დღის წესრიგს უნდა უქმნიდეს საზოგადოებას. მას აქვს კონკრეტული ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული და იმიტომაც არის იქ განთავსებული. არის შეთავაზებული კონკრეტული გზები, რომ დღესვე დატოვოს საპატიმრო, მიუხედავად ამისა, ის ურჩობს და დამატებითი სპეკულაციების საგანს იყენებს, რომ მიიღებს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას.
უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ეს მოლაპარაკებების ნაწილი იყო და მოსწონს თუ არა, უნდა მიიღოს გირაო, რომელსაც ევროკავშირი მის სასარგებლოდ გადაიხდის და ის გარეთ გამოვა. თუმც გირაოს გადახდა მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, ისევე როგორც იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც 20 ივნისის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ის სუბიექტურად მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ფიქრობდეს, უნდა მოუწოდებდეს თავის პარტიას, რომ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, მიიღონ მიშელის შეთავაზება, შემოვიდნენ პარლამენტში და ჩვენ მიუხედავად იმისა, შემოდიან თუ არა, ვიმუშავებთ ამნისტიის კანონპროექტზე," - განაცხადა "დღის კურიერში" გივი მიქანაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი ამნისტიის კანონის უკან გამოწვევას, მიქანაძე ამბობს, რომ უმრავლესობამ მიშელის დოკუმენტით ვალდებულება აიღო და ამნისტიის კანონი პარლამენტში აუცილებლად დაინიცირდება.