გიორგი რურუა საპატიმროს დღესვე დატოვებს. შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.
ოპოზიცია გიორგი რურუას შეწყალებას შეთანხმების პირველ შედეგად აფასებს.
სალომე სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას ნიკა მელიას გასათავისუფლებლად.
"ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ წელიწად-ნახევარია ვითხოვთ, მართლაც იქნება გათავისუფლებული, ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე უსამართლოდ და უსაფუძვლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე.
პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის შეფასებით, ამ ეტაპზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ორივე მხარე ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებენ.
"დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია. ჯერჯერობით, ორივე მხარე უჩვენებს საკუთარი ვალდებულების შესრულებას. იმედი მაქვს, რომ საჯარო დისკუსიაში, დღეიდან აღარ იქნება საუბარი, ვინ არის უარესი ჩვენ შორის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მათთვის მისაღებია და გიორგი რურუას გამო სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ აპირებენ.
"ეს იყო პრეზიდენტის პრეროგატივა და მან თავშივე განაცხადა, რომ, თუ ოპოზიციას იხილავდა პარლამენტში, იგი იმ დღესვე შეიწყალებდა რურუას, რაც ასეც მოხდა. ჩვენ ვთქვით, რომ ამ კუთხით, საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ჩვენ ნაწილს, "ქართულ ოცნება" ყველა იმ პუნქტს, რაც გაწერილია დოკუმენტში ზედმიწევნით შეასრულებს,"- პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი.