ოპოზიციის მხრიდან პოლიტპატიმრად მოხსენიებულმა გიორგი რურუამ დღეს გლდანის მერვე დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების გზით, 1.5 წლის შემდეგ, დატოვა. გიორგი რურუას თავისუფლება ერთ-ერთი პირობა იყო იმ შეთანხმების დოკუმენტისა, რომელიც ევროსაბჭოს ჩართულობით ოპოზიციის ნაწილსა და "ქართულ ოცნებას" შორის გაფორმდა.
მას შემდეგ, რაც დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა შეასრულეს და პარლამენტში შევიდნენ, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. ახლა იმისთვის, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებაში სრულყოფილად ჩაერთოს, ციხე კიდევ ერთმა ე.წ. პოლიტპატიმარმა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამაც უნდა დატოვოს.
გიორგი რურუა თავს უდანაშაულოდ და პოლიტიკური მოტივით დაკავებულად მიიჩნევს, რასაც კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნებისთვის" დღევანდელი შეწყალება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად კომპრომისის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ბაგებში, საკუთარ სახლთან დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით. მას საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 30 ივლისს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად მსჯავრდადებული ბრალს არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა. გიორგი რურუას დაკავება ოპოზიციის ახალი პროტესტის მიზეზიც გახდა - მისი სახელი და გვარი პოლიტიკური მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო, მათ შორის, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების დროსაც.