20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, თუმცა იქნება ამნისტიის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს.
საპარლამენტო უმრავლესობის პროექტთან დაკავშირებით განმარტებები მმართველი გუნდის მხრიდან უკვე გაკეთდა.
"ამნისტირება გულისხმობს იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას, ოღონდ არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ამნისტირებას, როგორიცაა მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
"განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვამბობთ - ამნისტია უნდა შეეხოს კონკრეტულ მოვლენას და გამოვრიცხოთ ის მუხლები, რასაც არ ვახებთ. რაც შეეხება ოპოზიციური ჯგუფების მოსაზრებას, ისინი ფიქრობენ, რომ - ჩავწეროთ კონკრეტული მუხლები, რას ეხება და რას არ ეხება.
მეორე განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გვეუბნებიან, რომ საჭიროა დაზარალებულის თანხმობა. ჩვენი პოზიციაა კი, ვინაიდან ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიკისრეთ მთელი რიგი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პოლიტიკოსებმა," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.