პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტია 20 ივნისის მოვლენებისას ბრალდებულ ყველა პირს შეეხება - როგორც აქციის მონაწილეებს, ისე სამართალდამცველებს.
თალაკვაძე ასევე განმარტავს, რომ თუ რომელიმეს დაუდასტურდება არაადამიანური მოპყრობის, წამების, ან სიცოცხლის მოსპობის ფაქტი, ამნისტია მათზე არ გავრცელდება.
"პარლამენტი ვერ იხელმძღვანელებს ინტერპრეტაციებით, ყველამ უნდა იხელმძღვანელოს იმ ტექსტით, რომელიც იყო ხელმოწერილი.
დიახ, ტექსტში არ წერია პოლიციელებზე და როცა ამას აზუსტებს პოსტ-ფაქტუმ ქალბატონი სამადაშვილი, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, მათ ეს ძალიან კარგად ჰქონდათ განმარტებული და ხელი მოაწერეს მხოლოდ ამ განმარტების შემდეგ. ტექსტში რაც წერია, არის სიტყვა-სიტყვით შემდეგი: რომ 20 ივნისის მოვლენები, რომელიც რჩება პოლიტიკური დაპირისპირების საგნად, ამ ამნისტიით უნდა დაიხუროს ისე, რომ მომავალში აღარ იყოს დაპირისპირების საკითხი. შესაბამისად, ეს ტექსტი პირდაპირ აცხადებს იმას, რომ როგორც ნიკანორ მელიას და პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას ახორციელებდნენ, ასევე, ადამიანებს, რომელზეც გამოძიება იყო დაწყებული, რომ, შესაძლოა, მათ გამოიყენეს გადაჭარბებული ძალა ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, უნდა შეეხოთ ამნისტია.
ამნისტია ეხებათ როგორც პროტესტის მონაწილეებს, ვინც დაარღვია კანონი, ასევე, იმ სამართალდამცველებს, რომლებმაც დაარღვიეს კანონი. რაც შეეხება ევროკონვენციის მესამე მუხლს, რომელიც უკავშირდება არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, და სიცოცხლის უფლებას, ამ შემთხვევებში, ჩვენ ჩავწერეთ, რომ ეს ამნისტია ასეთი ტიპის დანაშაულზე ღა გავრცელდება. შესაბამისად, თუ პროტესტის რომელიმე მონაწილესთან დადასტურდება, რომ ეს მუხლი იყო დარღვეული, რა თქმა უნდა, ამნისტია არ დაფარავს ამას. ასე რომ, ეს საკითხი დახურულია, წერტილი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში".