ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტშია - მინისტრის საათის ფორმატში ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატებს ხვდება და უწყების მუშაობის შესახებ ანგარიშს აცნობს. მთავარი აქცენტი ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე გაკეთდება. კითხვების დასასმელად ოპოზიციური პარტიებიდან "გირჩი" და "მოქალაქეები" ემზადებიან.
პარლამენტის წევრი და პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძემ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, "თავი შეირცხვინა". მისივე თქმით, მთავარი კითხვაა, თუ რატომ ვერ შემოდის საკმარისი ოდენობის ვაქცინა ქვეყანაში.
"ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა. ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა გუშინ და ვერ ახერხებდა ჩინურ ვაქცინაზეც კი, რომელზეც ყველა ფეხს ითრევდა თითქოს. მთავარი კითხვა არის, რომ ასე პორცია-პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის? რატომ ვერ მოაბა თავი ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ, მთლიანად, რომ ამ ხნის განმავლობაში შემოეტანათ საკმარისი ოდენობის ვაქცინა," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის წევრს ბექა ლილუაშვილს, პანდემიის მართვა ჯანდაცვის მინისტრის პირდაპირი ვალდებულება არ არის და ეს საკოორდინაციო საბჭოს ევალება.
"პანდემიის მართვა არ არის ტიკარაძის პირდაპირი ვალდებულება, ეს არის საკოორდინაციო საბჭოს ვალდებულება, თუმცა აქვს რა თქმა უნდა შესაბამისი ხარვეზები მის საქმიანობაში. კარგია ის, რომ ჩვენ შევძელით, რომ ჯანდაცვის სისტემა ბოლო თვეების განმავლობაში რაც პანდემია დაიწყო განვითარდა, თუმცა არსებობს კიდევ ისეთი საკითხები, რომელზედაც დღეს მოუწევს მინისტრს საუბარი," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.