"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს დღეს ციხეში მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელი, სალომე სამადაშვილი შეხვდება. დეპუტატი რუსთავის # 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მივიდა. სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ნიკა მელია აღდგომის დღესასწაულს სახლში შეხვდება.
"იმის გათვალისწინებით, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრია ქვეყანაში ჩამოსული, ნიკას სასამართლოა და შესაძლებლობები არის რომ ვისაუბროთ. გადავწყვიტე, რომ უმჯობესია მას შევხვდე და ერთად განვიხილოთ, რა შესაძლებლობები არსებობს მისი თვალთახედვიდან. გავუზიარო რა ვითარებაა, როგორი განწყობა გამოიკვეთა პარლამენტში შესული დეპუტატების მხრიდან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით და ეგება ერთად მოვძებნოთ რაღაცა გამოსავალი," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ენმ-ს პატიმრობაში მყოფ თავმჯდომარესთან საუბრის მთავარი თემა მისი საპყრობილიდან გამოსვლის გზები იქნება, როგორც ცნობილია ნიკა მელია უარს ამბობს, როგორც შეთანხმების დოკუმენტით შეთავაზებულ ამნისტიაზე, ასევე გირაოს გადახდაზეც. ნიკა მელიას თქმით, მას არ სურს, რომ ამნისტია 20 ივნისის მოვლენებში მონაწილე იმ პირებსაც შეეხოთ, რომელთა ქმედებების შედეგადაც ადამიანები დასახიჩრდნენ.
თუმცა ნიკა მელიას განცხადებით, მსგავსი ამნისტიის თავიდან აცილების მიზნით, ის მზადაა კომპრომისზე წავიდეს და დათანხმდეს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას.
ნიკა მელიასთან შეხვედრისას საუბარი სავარაუდოდ შეეხება სალომე სამადაშვილის სამომავლო გეგმებსაც. ჯერ კიდევ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ის პარტიას მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოფიციალურად დატოვებს.