რამდენიმე წუთში საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკვე შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.
ლიეტუვას პირველი დიპლომატი იმედოვნებს, რომ შარლ მიშელის ეგიდით შემოთავაზებულ შეთანხმებას ყველა პოლიტიკური პარტია შეუერთდება.
"ვხედავთ, რომ ჩვენი საერთო თანამშრომლობის საკითხებში შესაძლებლობები იზრდება, იქნება ეს ეკონომიური, პოლიტიკური თუ რეგიონული მიმართულებით. თქვენთვის ტრანსატლანტიკურ გზაზე მეტი დახმარების შეთავაზება შეგვიძლია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკური პრობლემები ჯერ კიდევ რჩება.
ჩვენ გულწრფელად მივესალმეთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა მიიღო, როდესაც შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების პირობებს დაეთანხმნენ. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ შეთანხმებას ყველა პარტია შეუერთდება და პარლამენტიც იმუშავებს და შეეძლება საარჩევნო და სასამართლო რეფორმები გაატაროს, რაც ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ სისტემას ასე ესაჭიროება.
ჩვენ არ გვაფერხებს შიდა პოლიტიკური პრობლემები, როდესაც საქმე ნამდვილ სტრატეგიულ მიზნებს ეხება, რაც გულისხმობს იმას, რომ რეგიონი უფრო უსაფრთხო ადგილი გახდეს, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო და გააგრძელოს ტრანსატლანტიკური გზა," - აცხადებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში დასრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრის განცხადებით, ახლა ქვეყანამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით სრულფასოვანი სვლა უნდა გააგრძელოს.
"მნიშვნელოვანია, რომ დასრულდა ის ხელოვნური კრიზისი, რომელიც იყო შექმნილი და ამჟამად ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ის გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე არის როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე გამოწვევები, იყოს შესაბამისად გამკლავებული, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სრულფასოვანი სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.