გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა დღეს საკუთარი გადაწყვეტილება განმარტეს, თუ რატომ მისცეს კახა კუჭავას წინააღმდეგ ხმა. მათი განცხადებით, საპარლამენტო ინსტიტუტის სიძლიერე არაა, როცა მმართველი ძალა გაურკვეველი მიზეზით ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც, მათი თქმით, მიუღებელია.
"არ დავუჭირეთ კანდიდატურას, ზოგადად, მხარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს მმართველი გუნდის მხრიდან აღებული პასუხისმგებლობა, რომ 2024 წელს აკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ეს პირველ რიგში მოიაზრებს ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს და მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში, როდესაც მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და თავისი პარტიის წევრებსაც ამ ინფორმაციას ბოლო წუთამდე არ უმხელს," - განაცხადა პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ მათ, ვინც კახა კუჭავას კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა, პოლიტიკური გამოცდილება აკლიათ.
"თუ კანდიდატს კაცი არ ჰყავს მოკლული და რაიმე მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ამ შემთხვევაში საერთო წესი არსებობს, რომ ასეთ კანდიდატს წინააღმდეგ არ აძლევენ ხმას, ან მხარს უჭერს ოპოზიციას, ან თუ მხარს არ უჭერს, ამ შემთხვევაში, ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. ეს მარტივი წესი დაირღვა, რაც შეიძლება იყოს ერთი მხრივ იმის შედეგი, რომ შეიძლება აკლდათ პოლიტიკური გამოცდილება ამ 6 დეპუტატს და ისინი ახალი პოლიტიკოსები არიან, მეორე შეიძლება იყოს რაღაცა მარტივი პოლიტიკური თამაშები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.