"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს, თუ დაიწყებდა ეს თავის მოტყუება იქნებოდა, ამიტომ აღნიშნული პროცესის გადადება მოითხოვა.
"ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ თუკი დავიწყებდით სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს, ეს იქნებოდა თავის მოტყუება და ჩვენ მოვითხოვეთ სასამართლო პროცესის გადადება იმ ვადით, რა ვადაც არის საჭირო, რომ პოლიტიკურ უმაღლეს ხელისუფლებაში მიიღონ გადაწყვეტილება და მისცენ დირექტივა სასამართლო და პროკურატურას.
ჩვენი მხრიდან შესავალი სიტყვის თქმა, მტკიცებულებებზე საუბარი, ეს არის თავის მოტყუება და ანტურაჟის შექმნა, თითქოსდა აქ მართლა სასამართლო პროცესი იმართება," - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
ენმ-ის წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პროცესზე მართლმსაჯულების სპექტაკლები იმართება და სხდომებზე სიარულს აზრი არ აქვს, ვიდრე არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო, საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა, პროცესის გადადების მოთხოვნით მოსამართლეს ადვოკატმა მიმართა. დღევანდელ პროცესს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არ ესწრებოდა, წინა სხდომაზე ის მოსამართლემ გააძევა.