შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე და "მხედრიონის" ყოფილ ხელმძღვანელზე, თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმის მცდელობაში ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილის ოჯახი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და საპატიმროდან 2 დღის წინ გამოშვებულ გიორგი რურუას ადანაშაულებს.
ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობას უკავშირდება.
საქმის ფარგლებში გარდაცვლილი ზაზა ვეფხვაძის შვილი, ალეკო ვეფხვაძე გამოიკითხა.
ალეკო ვეფხვაძის დედა ამბობს, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა გიორგი რურუამ დაგეგმა. ასევე, რურუას ადანაშაულებენ ისინი ზაზა ვეფხვაძის მკვლელობაშიც.
"22 დეკემბერს, 1992 წელს, ჩემს თვალწინ, ფანჯრიდან გავიხედე და მერე შიშველი გავვარდი, ჟორიკა რურუამ მომიკლა ქმარი. შეტანილი მაქვს ყველგან. გამოვიდა, ეს ყველაფერი ხომ იცის და აწყობს პროვოკაციას ბანდიტი ჟორიკა რურუა,"- აცხადებს ის.
"კურიერი" დაუკავშირდა გიორგი რურუას უფლებადამცველსაც. მისი თქმით, ბრალდება აბსურდულია, ხოლო დამატებითი განმარტებებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმა 12-მდე პირმა სცადა. შემთხვევა თბილისის ცენტრში, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობას უკავშირდება. ცნობილია, რომ საქმის ფარგლებში გამოკითხულია როგორც სავარაუდო თავდასხმის ობიექტი, ისე, სავარაუდო თავდასხმაში მონაწილე პირები.