პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან ბევრ რამეზე შეთანხმდნენ, თუმცა ოპოზიციამ დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციას დამატებითი პირობების დაწესებაზე არ დათანხმდა.
"შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ რაკი კონვენციური მოვალეობაა, რომ წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მათ შორის ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელიც მოიცავს, მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევას, არ გავრცელდეს ამნისტია.
თუმცა, ოპოზიციის მხრიდან, რომელთანაც კონსულტაციები გვქონდა, წამოიჭრა საკითხი, რომ მოდი, დამატებით კიდევ რაღაც შეზღუდვები დაწესდეს. ორი ტიპის შეზღუდვა იყო, რომელთან დაკავშირებითაც ვერ მოვრიგდით და რეალურად, გაიხსნა ხელახალი დისკუსია ამ საკითხების თაობაზე.
პირველი საკითხი ეს იყო, რომ შეზღუდულიყო ამნისტიის გავრცელება/არ გავრცელება კონკრეტულ დაზარალებულთა თანხმობებით, თუმცა შეთანხმებაში ასეთი არ იყო და შესაბამისად, ეს არის მიზეზი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პათოსს ამ შემთხვევაში უფრო მეტად ჩვენი ვერსია შეესაბამება, რომლის მიხედვითაც დამატებითი პირობების დაწესებაზე არ წავყევით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.