გიორგი გახარიას გუნდის წევრი, პარლამენტარი ანა ბუჩუკური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან წამოსულ კრიტიკას ეხმაურება.
ანა ბუჩუკურის თქმით, აშშ-ის საელჩოსა და გახარიას გუნდის შენიშვნები ერთმანეთს ემთხვევა:
"აშშ-ს საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც გახარიას გუნდმა მხარი არ დავუჭირეთ ამ ცვლილებებს
სრულიად ლოგიკურია ასეთი კრიტიკული შეფასება მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით, ფართო კონსესუსის თუ ჩართულობის და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიიღო ცვლილებები.
რა თქმა უნდა ამ ფორმით და მითუმეტეს არსებულ პოლარიზებულ გარემოში ცვლილებების განხორციელება კოდექსში, რომელიც უკვე აღიარებული ფაქტია, რომ უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, აჩენს ბუნებრივ კითხვებს ცვლილებების მიზნებთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ არ დაუჭირა ჩვენმა გუნდმა მხარი ამ საკანონმდებლო ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები უფლებამოსილების გადამეტების რისკების გადაზღვევის გარეშე და მითუმეტეს ნაჩქარევად არ უნდა ხორციელდებოდეს.
კარგი იქნება თუ ოპოზიცია სხვა დროს მეტი ყურადღებით მოეკიდება ამგვარ საკითხებს,"- განაცხადა ანა ბუჩუკურმა