სამართლიანი არჩევნები, პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ცვლილებებს ეხმაურება.
"საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.
რაციონალური დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართა, მათ შორის ღამის საათებში, მაშინ როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, რაც საკითხის განხილვაში საზოგადოების ფართო ჩართულობას და ინკლუზიურობას გამორიცხავდა.
სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმას, რადგან არსებული მოძველებული კოდექსი, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითაა შემოღებული, ვერც ფორმითა და, მით უფრო, შინაარსით, ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა თანამდროვე სტანდარტებს.
საჭიროა, გამჭირვალე რეფორმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით, განხორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა ამ სფეროში, რომელიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვისა და ადმინისტრაციული გადაცდომის სფეროში თანამდეროვე ადმინისტრაციული პრაქტიკის დამკვიდრების ინტერესებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.