17 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
დაჩქარებული ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში - როგორ პასუხობს "ქართული ოცნება" აშშ-ის საელჩოს, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკას

ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან, რომლის თანახმადაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები,  შენიშვნები აქვთ, როგორც აშშ-ის საელჩოს და ქართულ არასამთავრობო სექტორს, ასევე ოპოზიციასაც.

"სტრატეგია აღმაშენებელში" აღნიშნულ ცვლილებას დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. სერგო ჩიხლაძის თქმით, მსგავსი გამკაცრება ვერ შეაჩერებს ვერც პროტესტს და ვერც აქტივიზმს საქართველოში.

"ლელოშიც" ამბობენ, რომ სანქცია ლეგიტიმურ პროტესტს წინ ვერ აღუდგება. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მსგავსი კანონის მიღებით ქართულმა ოცნებამ თვითდაზიანება მიიყენა და ამის პირველი ნიშანი არის სწორედ აშშ-ის საელჩოს მხრიდან წამოსული კრიტიკა.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, ხელისუფლება რეპრესიული მექანიზმების გამკაცრებით ცდილობს საპროტესტო მუხტის ჩახშობას.

"არ მგონია, რომ ეს რამე შედეგს მოიტანს, არასწორი მიმართულებით არის ეს ნაბიჯი გადადგმული, მაშინ როცა ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ დემოკრატიული სტანდარტის დაცვის თვალსაზრისით ქვეყანა 10 წლის წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი გახარიას გუნდის წევრი, პარლამენტარი ანა ბუჩუკური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის საჭიროებას არ უარყოფს თუმცა აცხადებს, რომ არსებული კრიზისის ფონზე, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები გარკვეულ ეჭვებს აჩენს და ამის გამოხატულებაა აშშ-ის საელჩოს მხრიდან წამოსული კრიტიკაც.

ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმებიან, საერთაშორისო პარტნიორებთან კი დამატებითი კონსულტაციების გამართვას გეგმავენ "ქართულ ოცნებაში". ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საკანონმდებლო პროცესი ნაციონალური მოძრაობის დღეის წესრიგით ვერ წარიმართება:

"ჩვენ საკანონმდებლო პროცესს ვერ დავუკავშირებთ ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგს.ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვექნება დამატებითი კონსულტაციები," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა, მისი თქმით ოპოზიციის ნახევრად-ბოიკოტურ რეჟიმში ყოფნის გამო საპარლამენტო მუშაობას ვერ შეაფერხებენ.

შეგახსენებთ, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების ​კანონპროექტები დაჩქარებული წესის შესაბამისად, გუშინ მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება.

მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს.

თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

დღის ამბები