17 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ - ლევან იოსელიანი

"ნაციონალურ მოძრაობაში" გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

"უპასუხისმგებლო" - ასე შეაფასეს პარტიაში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის ხედვა. 

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით პასუხისმგებლობა გააჩნია ყველა იმ პროცესებზე, რაც დღეს ქვეყანაშია. იმ პირობებში, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჯერ კიდევ ციხეშია, ბოტკოველი თვლის, რომ მერობის კანდიდატზე მსჯელობა ზედმეტია. 

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აღნიშნავს, რომ მერობის კანდიდატზე პარტიაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ხაზარაძე ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, ნიკა მელიას გათავისუფლებას მიიჩნევს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი კი არ გამორიცხავს, რომ მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილი დაასახელონ. 

"ამაზე არ შეწყვეტილა ჯერ ჩვენს პარტიაში მსჯელობა. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ჩვენ მას მხარს, რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ,-" აღნიშნავს ლევან იოსელიანი. 

გუშინ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ნიკა მელიას მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ ექნება.

 
დღის ამბები