საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, მთავრობას და საელჩოებს პრაქტიკულად ყველა იმ ქვეყანასთან აქვთ კომუნიკაცია, რომლებიც ვაქცინებს აწარმოებენ. თუმცა, მისივე განცხადებით, ეს არ ეხება რუსეთს და რუსეთის მიერ წარმოებულ "სპუტნიკს".
"ჩვენ ვაქცინის მწარმოებლების გარდა, პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ. ჩვენს საელჩოებს ეს დავალებული აქვთ. მხოლოდ რუსულ მხარესთან არ ვთანამშრომლობთ, რადგან მათთან ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ვაქცინებს ჯერ ჯანმოს მიერ აღიარება არ აქვს, მაინც მივიღეთ და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვით. გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩინური ვაქცინის ავტორიზაცია მოხდებოდა მარტის დასაწყისში და ჩვენ მიერ გათვლილი ნაბიჯები იყო ის, რომ ვაქცინა მიგვეღო მაშინ, როდესაც ავტორიზაცია ექნებოდა. თუმცა, ეს პროცესი, სამწუხაროდ, ცოტა იგვიანებს,"- აცხადებს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.