17 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ოპოზიცია უკვე პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

ელჩი ამბობს, რომ ახლა ოპოზიცია უკვე პარლამენტშია და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი არ წარმოადგინოს პარლამენტში. 

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეთანხმების მიღწევა, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ მხარეები ერთმანეთთან საუბრობენ და შედეგად მიდიან გადაწყვეტილებამდე. იყო ბევრი დისკუსია და დებატი და ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილება არჩევნებთან დაკავშირებით და გაუმჯობესდა საარჩევნო კანონმდებლობა.

თუმცა, არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა დარღვევები, შესაბამისად, ახალი შეთანხმების შედეგად ჩნდება იმის საშუალება, რომ ძალინ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმები განხორციელდეს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში იმის ნახვა, თუ როგორ სწავლობდნენ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან მოლაპარაკებას, ბევრი მათგანი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდა, თუმცა, შეძლეს და იმუშავეს საკმაოდ რთულ საკითხებზე.

რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც რჩება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შეუძლიათ ამ საკითხებზე ღიად მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარლამენტში გაგრძელდეს ეს სამუშაო. ახლა ოპოზიცია უკვე არის პარლამენტში და მმართველ პარტიას მოუწევს გაითვალისწინოს ოპოზიციის მოსაზრებები, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები და მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი არ წარმოადგინოს პარლამენტში,"- განაცხადა კელი დეგნანმა რადიო "ათინათთან" ინტერვიუს დროს. 

დღის ამბები