საქართველოში ჩინური წარმოების კიდევ ერთი პრეპარატი, "სინოვაკის" ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა. ეს ჩინეთის საჩუქარია, პრეპარატის ტრანსპორტირება უნგრეთის დახმარებით მოხდა. საქართველოში ამ დროისთვის უკვე ორი ე.წ. ჩინური ვაქცინა შემოვიდა.
ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი დახვდნენ.
"უსასყიდლოდ გადმოცემა არის კიდევ ერთი დადასტურება ძალიან კარგი თანამშრომლობის და მეგობრული კავშირების, რომელიც საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ტრადიციულად არსებობს. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ვაქცინების მოპოვების და მისი ტრანსპორტირების მხრივ უაღრესად რთული მდგომარეობაა და ამ დროს ჩვენი უნგრელი მეგობრების დახმარება დასტურია სწორედ იმ დიდი მეგობრობის, რაც ჩვენ გვაკავშირებს,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ლი იანმა განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინა უსაფრთხოა და ის ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული.
"ეს ჩინური მხარის დიდი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ, რაც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას წარმოაჩენს. ჩინური ვაქცინა უსაფრთხოა და ის ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული. ვიმედოვნებთ, ვაქცინის ჩამოტანა საქართველოს კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება," - აღნიშნა ლი იანმა.