"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაინიცირებულ საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მოვიდა.
იოსელიანის განცხადებით, რეკომენდაციებშის დიდი ნაწილი ეთმობა რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ამ რეფორმის დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად განხორციელება და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას ამ კანონის განხორციელებაში.
"ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მოვიდა დაინიცირებულ საარჩევნო რეფორმაზე. ძალიან მიხარია, რომ საარჩევო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა ავსახეთ უკვე კანონპროექტში ის ძირითადი პრინციპები, რასაც მათი რეკომენდაციები ეფუძნება, ცესკოს ყველა დონის კომისიის დაკომპლექტების წესით დაწყებული, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან აგიტაციის აკრძალვის, შედეგების ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტის თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვით გაგრძელებული.
რეკომენდაციებში საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა იმ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად განხორციელება. კანონი მხოლოდ კანონად რომ არ დარჩეს, მნიშვნელოვანია, ყველა პარტია, საკუთარი დამოკიდებულებების მიუხედავად, შემოუერთდეს ამ რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს და ყველამ ერთად, გამჭვირვალედ სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობით წარმატებით და ყველას სასიკეთოდ შევიტანოთ საარჩევნო ცვლილებები,"-წერს იოსელიანი.