ოპოზიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს აკრიტიკებს. მათი განმარტებით, გამკაცრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არგუმენტირებული დასაბუთების გარეშეა მიღებული. ოპოზიცია პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებას სთხოვს. გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
"ჩემი ნება რომ იყოს, მე საერთოდ ადმინისტრაციულ კოდექსს მთლიანად გადავწერდი, იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა კავშირში 1984 წელს მიღებული კოდექსი და სულისკვეთება, იდეა, სტრუქტურა ამ ყველაფრის შენარჩუნებულია, მიუხედავად ბევრი ცვლილებისა. ხოლო, რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რაც ახლა იყო შეტანილი, მე იმედი მაქვს რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, იმიტომ რომ საერთოდ აუხსნელი გამკაცრება მოხდა და გამოდის ფაქტობრივად, რომ პოლიციელს შეუძლია მოქალაქე დაიჭიროს 48 საათით რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე,“ - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ცვლილებების თანახმად, დაკავებული პირის სასამართლოსთვის წარდგენის ვადა 48 საათიდან 24 საათამდე შემცირდება. ინიციატივა ლევან იოსელიანს ეკუთვნის. პროექტის პირვანდელ ვარიანტში 48-საათიან დაკავებაზე იყო საუბარი.
"ორი ხმა დაფიქსირდა პარლამენტში საწინააღმდეგო, ვინც ამ ცვლილებებს არ დაუჭირა მხარი და ეს ორი ხმა გვეკუთვნოდა მე და ალეკო ელისაშვილს. კომიტეტებზე ძალიან ხმაურიანი განხილვების შედეგად, სამწუხაროდ, რომელსაც არავინ არ ესწრებოდა ჩემს გარდა ოპოზიციიდან, მივაღწიეთ იმას, რომ 48 საათის ნაცვლად ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა იქნება 24 საათი. ამ ნაწილში ძალიან მიხარია, რომ ასეთი შეთანხმება შედგა. კარგი იქნებოდა, რომ ყველა ყოფილიყო ამაში ჩართული, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო მხოლოდ. ამ შემთხვევაში შევძლებდით უკეთესი შედეგის გამოტანას, მაგრამ 24 საათი 48 საათს ნამდვილად ჯობია,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.